Wednesday, December 12, 2012
საკრავები
სალამური - გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში: ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთში, ფშავში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც. საქართველოში სალამურის უძველესი დროიდან არსებობა დასტურდება არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მატერიალური ძეგლებითაც.
დღემდე შემორჩენილი სალამურები ორნაირია: უენო და ენიანი. სალამურის ეს ორი სახე ერთმანეთისაგან განსხვავდება მასალით, ფორმით, ბგერათრიგითა და დიაპაზონით. უენო სალამური ენიან სალამურზე გრძელია და მასიური. მიუხედავად იმისა, რომ ენიანი სალამური შედარებით პატარაა, მისი ტექნიკური შესაძლებლობანი გაცილებით მაღალია. სალამური ქართულ ფოლკლორში ამჟამადაც ძალიან პოპულარულია.
გუდასტვირი, ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი. საქართველოში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა: ქართლული და რაჭული გუდასტვირი, აჭარული და მესხური ჭიბონი (ჭიმონი) და ფშავური სტვირგუდა. გუდასტვირი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: თხის ან ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ჰაერის რეზერვუარის — გუდისა და სტვირისაგან. გუდას ქვემოთა მხრიდან მიმაგრებული აქვს სტვირი, ხოლო ზემოდან — ჰაერის ჩასაბერი მასრა. საკუთრივ სტვირი შედგება ნავის, დედნებისა და წივილებისაგან ნავს რბილი ხისაგან თლიან და მასში დედნებს (მილებს) სვამენ, ბოლოზე კი ხარის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებულ სარეზონატორო ქარახსას ამაგრებენ. დედნები მზადდება დუდგულის ან ჭერმის ხისაგან. მასზე ამოჭრილია თვლები, თავში ჩასმული აქვს წივილები. მარჟვნივ დედანს „მთქმელი“ ეწოდება, მარცხენას — „ბანი“. თვლების რაოდენობა დამოკიდებულია გუდასტვირის სახეობაზე, მაგ. ქართლური და რაჭული გუდასტვირების „მთქმელზე“ ამოჭრილია 6, „ბანზე“ კი 3 თვალი. აჭარულ ჭიბონზე 5 და 3, მესხურზე — 5 და 5, ფშავურ სტვირგუდაზე — 3 და 1. წივილებს ლერწმისაგან თლიან. ისინი გამოსცემენ საკრავის ხმას. სახალხო დღესასწაულებზე გუდასტვირის თანხლებით სრულდება მრავალი ცეკვა და სიმღერა. აჭარაში ჭიბონს ნადის დროსაც უკრავენ.
დოლი — ქართული დასარტყამი საკრავი. დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე ჯოხებით დაკვრისას, ერთი ჯოხით ურტყამენ ცალ მხარეს (ტყავზე), მეორეთი — მეორე მხარეს. ჯოხებს აქვთ ყულფები, რომლებითაც ჯოხები შემსრულებელს ხელებზე აქვს მიმაგრებული. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლო, ფორშლაკები. როდესაც ფორტეს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანოს დროს — დოლის ნაპირებზე. დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე საკრავის გაერთიანება ანსამბლად, მაგალითად ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.
დაირა — დასარტყმელი საკრავი, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ანდა თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა, ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებით. რკალს შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაირის რკალის სიმაღლე 40-60 მილიმეტრია, დიამეტრი — 350-490 მმ, სისქე კი — 8-9 მმ. დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღბად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაირა ერთ-ერთი უძველესი საკრავია
დუდუკი — ხის ჩასაბერი საკრავი, შედგება ლულის, მილაკის, ხუფისა და რეგულატორისაგან. ამზადებენ უმთავრესად ჭერმის, აგრეთვე თუთისა და ბზის ხისაგან. ლულაზე ზემოდან ამოჭრილია 8 და ქვემოდან 1 ნახვრეტი (თვალი). ლულაში ჩადგმულია ლელის ან ლილქაშის ბრტყელი ორმაგი მილაკი. დუდუკის ბგერათრიგი დიატონურია. ნახვრეტების ნაწილობრივ დახურვისას მიიღება ქრომატული ბგერათრიგიც. დუდუკი არის როგორც საანსამბლო, ისე სოლო საკრავი (დასტა). აქვს ნაზი, რბილი ხმოვანება.
Labels:
საკრავები
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment