Wednesday, December 12, 2012

ისტორია

ქართული ხალხური მუსიკა სათავეს უძველეს დროში იღებს. იგი თავიდანვე დაკავშირებული იყო ჩვენს წინაპართა ყოფასთან. მასში, როგორ სარკეში, არეკლილია ქართველი ერის უმდიდრესი ისტორია, სულიერი მისწრაფებანი, ზნეობრივი სისპეტაკე, კაცთმოყვარეობა, პატრიოტული და გმირული შემართება. ხალხური მუსიკა ოდითგანვე ერის სულიერ საზრდოს წარმოადგენდა და ქართველი კაცის ყოველ სამეურნეო თუ ყოფით საქმიანობას უკავშირდებოდა. მღეროდნენ ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულების, მწუხარების დროს. სიმღერა სწორედ ის ძალა იყო, რომელიც გაჭირვებაში მხნეობასა და სიმტკიცეს მატებდა. ამიტომაც უფრთხილდებოდა ქართველი კაცი თავის მრავალსაუკუნოვან მუსიკალურ ენას. უძველესი ცნობები ქართული ხალხური მუსიკის შესახებ არქეოლოგიურ მასალებსა და ძველბერძნულ წყაროებში მოიპოვება. აღმოჩენილია სხვადასხვაგვარი საკრავი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე დაუმზადებიათ: სალამურები, ჩანგი, ლირა უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ ხალხურ სიმღერებს უხსოვარი დროიდან მრავალხმიანობა ახასიათებდათ. მრავალხმიანობა, ანუ პოლიფონიურობა, კი უნიკალურ მოვლენად ითვლება და მსოფლიოს ხალხთა შორის ერთეულები თუ დაიტრაბახებენ ასეთი სიმდიდრით. ქართული მრავალხმიანობა მათ შორისაც სრულიად განსაკუთრებულია, განსხვავებული და მრავალეფროვანი. საქართველოს ყველა კუთხეს თავისებური მუსიკალური დიალექტი აქვს, ასეთი დიალექტები 15-მდე აღწევს. ქართული ხალხური სიმღერები ერთგვარ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენს წინაპართა ადათებსა და ცხოვრების წესზე. ამდენად, ქართულ ხალხურ სიმღერას ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში დღემდეა შემორჩენილი უძველესი სარწმუნოების კვალი, რომელშიც ქართველთა მითოლოგიური წარმოდგენებია ასახული. ქართულ სოფელში დღესაც შეიძლება მოისმინოთ უძველესი შელოცვები, ამინდის ღვთაების საგალობლები, მზის სადიდებელი ჰიმნი, სამკურნალო სავედრებელნი და სხვა. მათი შესწავლა საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ მღეროდნენ ჩვენი წინაპრები 2-3 ათასი წლის წინ. აღსანიშნავია, რომ უძველესი სიმღერები მრავალხმიანია და გუნდურად სრულდება, რაც ქართული ხალხური მუსიკის ყველაზე უფრო დამახასიათებელი და გამორჩეული მხარეა. საუკუნეების მანძილზე ქართული ხალხური სიმღერა იხვეწებოდა და მდიდრდებოდა. „ჩაკრულოს“, „ლილეს“, „ჰასანბეგურას“, „მრავალჟამიერის“, „იავნანას“ და კიდევ მრავალ უბრწყინვალეს სიმღერათა სამშობლო – საქართველო „მსოფლიო ხალხური მუსიკის სატახტო ქვეყნად იქცა“*, ხოლო ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო შედევრად აღიარეს. ქართველ ხალხს სამართლიანად შეუძლია იამაყოს წინაპართა მიერ შექმნილი უძველესი და უმდიდრესი მუსიკალური კულტურით, რომლის მოვლა-პატრონობაც ახალგაზრდა თაობის ვალია.

ვიდეოები

საკრავები

სალამური - გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს კუთხეებში: ქართლში, კახეთში, მესხეთში, თუშეთში, ფშავში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც. საქართველოში სალამურის უძველესი დროიდან არსებობა დასტურდება არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მატერიალური ძეგლებითაც. დღემდე შემორჩენილი სალამურები ორნაირია: უენო და ენიანი. სალამურის ეს ორი სახე ერთმანეთისაგან განსხვავდება მასალით, ფორმით, ბგერათრიგითა და დიაპაზონით. უენო სალამური ენიან სალამურზე გრძელია და მასიური. მიუხედავად იმისა, რომ ენიანი სალამური შედარებით პატარაა, მისი ტექნიკური შესაძლებლობანი გაცილებით მაღალია. სალამური ქართულ ფოლკლორში ამჟამადაც ძალიან პოპულარულია.
გუდასტვირი, ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი. საქართველოში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა: ქართლული და რაჭული გუდასტვირი, აჭარული და მესხური ჭიბონი (ჭიმონი) და ფშავური სტვირგუდა. გუდასტვირი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: თხის ან ცხვრის ტყავისაგან დამზადებული ჰაერის რეზერვუარის — გუდისა და სტვირისაგან. გუდას ქვემოთა მხრიდან მიმაგრებული აქვს სტვირი, ხოლო ზემოდან — ჰაერის ჩასაბერი მასრა. საკუთრივ სტვირი შედგება ნავის, დედნებისა და წივილებისაგან ნავს რბილი ხისაგან თლიან და მასში დედნებს (მილებს) სვამენ, ბოლოზე კი ხარის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებულ სარეზონატორო ქარახსას ამაგრებენ. დედნები მზადდება დუდგულის ან ჭერმის ხისაგან. მასზე ამოჭრილია თვლები, თავში ჩასმული აქვს წივილები. მარჟვნივ დედანს „მთქმელი“ ეწოდება, მარცხენას — „ბანი“. თვლების რაოდენობა დამოკიდებულია გუდასტვირის სახეობაზე, მაგ. ქართლური და რაჭული გუდასტვირების „მთქმელზე“ ამოჭრილია 6, „ბანზე“ კი 3 თვალი. აჭარულ ჭიბონზე 5 და 3, მესხურზე — 5 და 5, ფშავურ სტვირგუდაზე — 3 და 1. წივილებს ლერწმისაგან თლიან. ისინი გამოსცემენ საკრავის ხმას. სახალხო დღესასწაულებზე გუდასტვირის თანხლებით სრულდება მრავალი ცეკვა და სიმღერა. აჭარაში ჭიბონს ნადის დროსაც უკრავენ.
დოლი — ქართული დასარტყამი საკრავი. დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე ჯოხებით დაკვრისას, ერთი ჯოხით ურტყამენ ცალ მხარეს (ტყავზე), მეორეთი — მეორე მხარეს. ჯოხებს აქვთ ყულფები, რომლებითაც ჯოხები შემსრულებელს ხელებზე აქვს მიმაგრებული. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლო, ფორშლაკები. როდესაც ფორტეს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანოს დროს — დოლის ნაპირებზე. დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე საკრავის გაერთიანება ანსამბლად, მაგალითად ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.
დაირა — დასარტყმელი საკრავი, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ანდა თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა, ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებით. რკალს შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაირის რკალის სიმაღლე 40-60 მილიმეტრია, დიამეტრი — 350-490 მმ, სისქე კი — 8-9 მმ. დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღბად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაირა ერთ-ერთი უძველესი საკრავია
დუდუკი — ხის ჩასაბერი საკრავი, შედგება ლულის, მილაკის, ხუფისა და რეგულატორისაგან. ამზადებენ უმთავრესად ჭერმის, აგრეთვე თუთისა და ბზის ხისაგან. ლულაზე ზემოდან ამოჭრილია 8 და ქვემოდან 1 ნახვრეტი (თვალი). ლულაში ჩადგმულია ლელის ან ლილქაშის ბრტყელი ორმაგი მილაკი. დუდუკის ბგერათრიგი დიატონურია. ნახვრეტების ნაწილობრივ დახურვისას მიიღება ქრომატული ბგერათრიგიც. დუდუკი არის როგორც საანსამბლო, ისე სოლო საკრავი (დასტა). აქვს ნაზი, რბილი ხმოვანება.

ანსამბლები

ბასიანი
საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი" შეიქმნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით. იგი გახდა ბირთვი თბილისში მშენებარე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა დიდი გუნდისა. "ბასიანი" ძირითადად ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებს, ხოლო სამების საკათედრო ტაძრის გუნდთან ერთად- ტრადიციულ ქართულ საგალობლებს. "ბასიანი" მგალობელთა გუნდის შემადგენლობაში მონაწილეობას იღებს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შესრულებულ ყველა ღმრთისმსახურებასა და მომლოცველობით მოგზაურობაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ანსამბლს ხელმძღვანელობს გიორგი დონაძე. გამოცემული აქვს სამი დისკი. ალილო
ანსამბლი შეიქმნა ცნობილი ქართველი მომღერლის, ”ქართული ხმების” სოლისტის, გურამ თამაზაშვილის მიერ ქ.თბილისში, 2003 წელს. (მანამდე ცნობილი იყო როგორც ”ზარები”). ”ალილო”-ს ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გამოცემული აქვს სიმღერების ერთი კრებული. ლაზარე
დაარსდა 2001 წელს. წევრები: ზურაბ ტარტარაშვილი (ანსამბლის ხელმძღვანელი), ემზარ სუყაშვილი ("ქართული ფოლკლორული ჯგუფის" ხელმძღვანელი), გია და ჯუმბერ ყულოშვილები, გიორგი და შიო ოთარაშვილები, აკაკი თაგოშვილი, ილია ქიტიაშვილი, კახი კუჭოშვილი. გასული საუკუნის 90-იან წლებში საინგილოში (კახის რაიონი) შეიქმნა ანსამბლი "შვიდკაცა". ენთუზიაზმს შეტოვებული ანსამბლი დროთა განმავლობაში გაიყო. ძველი თაობის ერთმა ნაწილმა მომდევნო თაობისგან მიიღო შევსება, დაარსდა ანსამბლი "ლაზარე".

სურათბი